შპს ქართულ-ამერიკული სკოლის

შინაგანაწესი

  თავი I.ზოგადი დებულებები

 

1.1.     შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქართულ-ამერიკული სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, შპს-ს წესდებისა და შინაგანაწესის საფუძველზე.

 

1.2. სკოლის მისია:

 ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაა შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული წამახალისებელი აქტივობებით, უახლესი სასწავლო მეთოდების გამოყენებით, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების სინთეზით მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა, გამოიმუშაონ კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი.

სკოლის პრიორიტეტებია:

  • ჯანსაღი ცხოვრება;
  • ტოლერანტობა;
  • ჰუმანიზმი;
  • პატრიოტიზმი,
  • გარემოს დაცვა.

 

1.3.      შინაგანაწესი შედგენილია საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მოთხოვნათა გათვალისწინებით და ეფუძნება საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედ კანონებს და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

1.4.      შინაგანაწესი მიზნად ისახავს სკოლაში შრომის დისციპლინის განმტკიცებას, შრომის სწორ ორგანიზებას, სამუშაო დროის სრულ და რაციონალურ გამოყენებას.

 

1.5.      სკოლის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი, მოსწავლე და მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, მოვალეა დაიცვას შინაგანაწესი.

 

  

მუშაკის სამუშაოზე მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი

 

სამუშაოზე მიღების წესები:

 

2.1.  მუშაკის სამუშაოზე მიღების პროცედურა:

  • შემოსული რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • საჩვენებელი გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება (მასწავლებლის მიღების შემთხვევაში).

 

2.2. მუშაკი თავის შრომით უფლებას ახორციელებს სკოლასთან შრომითი ხელშეკრულების დადების გზითა და სამსახურებრივი ინსტრუქციების გათვალისწინებით;

 

2.3. სამუშაოზე მიღებისას წარსადგენი დოკუმენტაცია: სკოლის ადმინისტრაცია, მუშაკის სამუშაოზე მიღებისას (ხელშეკრულების გაფორმებისას) პირისაგან ითხოვს შემდეგ დოკუმენტებს:

 

  • განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
  • შრომის წიგნაკი, (გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მუშაკისათვის შრომითი ხელშეკრულება იდება პირველად, ან მუშაკი სამუშაოზე მიიღება შეთავსებით) და/ან CV;
  • განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სპეციალური ცოდნის ან მომზადების/გადამზადების შესაბამისი სერტიფიკატები;
  • სამედიცინო დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ არ არსებობს ხელისშემშლელი გარემოებები საბავშვო დაწესებულებაში მუშაობისათვის;

 

2.4. შეთავსებითი სამუშაო: პირები, რომლებიც სამუშაოზე მიიღებიან შეთავსებით, სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ცნობა ძირითადი სამუშაო ადგილიდან, დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის გრაფიკის მითითებით;

 

2.5. სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე იყოლიოს ასისტენტ-მასწავლებელი, სტაჟიორი, რომლის ფუნქცია-მოვალეობები და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

2.6.  შრომითი ხელშეკრულება: სამუშაოზე მიღება ფორმდება წერილობითი ფორმით, სკოლასა და მუშაკს  შორის ხელშეკრულებაზე  ხელისმოწერით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეიძლება იყოს ,,შრომის კანონთა კოდექსითა” და ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ უფლებებზე ნაკლები;

 

2.7. მუშაკის სამუშაოზე მიღებისას ან დადგენილი წესით მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანისას ადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს მას შემდეგი დოკუმენტები:

  • სკოლის შინაგანაწესი.

აღნიშნული დოკუმენტების გაცნობას მუშაკი ადასტურებს ხელმოწერით.

 

2.8. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შემდეგ, ადმინისტრაცია გამოსცემს ბრძანებას მუშაკის სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით.

 

2.9.   ყოველ მუშაკზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი; 
  • შრომის წიგნაკი, (გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მუშაკისათვის შრომითი ხელშეკრულება იდება პირველად, ან მუშაკი სამუშაოზე მიიღება შეთავსებით) და/ან CV;
  • განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სპეციალური ცოდნის ან მომზადების/გადამზადების შესაბამისი სერტიფიკატები.
  • სამედიცინო დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ არ არსებობს ხელისშემშლელი გარემოებები საბავშვო დაწესებულებაში მუშაობისათვის;
  • ამონაწერი ბრძანებიდან დანიშვნის, გადაყვანის, წახალისებისა და გათავისუფლების შესახებ;
  • შრომითი  ხელშეკრულების (კონტრაქტის) ერთი ეგზემპლარი;

 

პირადი საქმე სკოლაში ინახება მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში;

 

2.10. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები:

     ა. საპატიო მიზეზის (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინების შესრულება) გარეშე, სამსახურებრივი ინსტრუქციებით გათვალისწინებული სამუშაოს სისტემატური შეუსრულებლობა;

     ბ. საპატიო მიზეზის გარეშე, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში  სამუშაო საათების (საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო საათების) გაცდენა;                                             

     გ. სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება;

     დ. მუშაკის მიერ, რომელიც უშუალოდ ემსახურება და პასუხისმგებელია ფულად ან მატერიალურ ფასეულობებზე, ბრალეული ქმედების  ჩადენა, ქონების (მათ შორის წვრილმანი) მითვისება, გაფლანგვა, მისი განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ ეს ქმედება იძლევა ადმინისტრაციის მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის საფუძველს;

     ე. მუშაკის მიერ, რომელიც ასრულებს აღმზრდელობით ფუნქციას, მოცემული სამუშაოს შეუსაბამო ამორალური საქციელის ჩადენა სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს (სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო), რის შედეგადაც შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოს გაგრძელება;

     ვ. განმეორებით, წლის განმავლობაში, შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რისთვისაც მუშაკს გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი დისციპლინური სახდელი;

     ზ. მოსწავლეზე არაერთჯერადი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა (მოსწავლის დაშინება,´რაიმე ინფორმაციის გამოძალვა, მისი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით) გასათავისუფლებელი მუშაკის  ბრალეული ქმედების დადასტურების შემთხვევაში;

 

    თ. კორუფციულ ურთიერთობაში (გარიგებაში) მონაწილეობა, კორუფციის ნებისმიერი  გამოვლინება.

 

 სამუშაო დრო და პირობები

 

3.1. სამუშაო დრო:

  • მასწავლებლის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება სკოლის ადმინისტრაციის მიერ;
  • სკოლაში სამუშაო კვირა 5 დღიანია საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იყოს 6 დღიანი;

 3.2. ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების  ჩატარებისათვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36 საათიანი სამუშაო კვირისათვის), მასწავლებელი ვალდებულია საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება, გაკვეთილის დაგეგმვა და სხვა), როგორც წესი, შეასრულოს სკოლაში.

 3.3.  არდადეგები: ზამთრისა და გაზაფხულის არდადეგების პერიოდი, თუ ის არ ემთხვევა მორიგ შვებულებას, სკოლის ყველა მუშაკისათვის წარმოადგენს სამუშაო დროს. ამ პერიოდებში ადმინისტრაცია ადგენს მასწავლებელთა სკოლაში მორიგეობის გრაფიკს, ავალებს მათ პედაგოგიურ და საორგანიზაციო სამუშაოებს (ზამთრისა და გაზაფხულის არდადეგების პერიოდში სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს არდადეგების დაწყებამდე მასწავლებლის კვირეულ საგაკვეთილო დატვირთვას);

 

3.4. პედაგოგიური მუშაკის საათობრივი დატვირთვა (კლასებისა და საათების რაოდენობა კვირაში) განისაზღვრება სკოლის ადმინისტრაციის მიერ შრომითი ხელშეკრულებით; იმ შემთხვევაში, როცა პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვა არ არის განსაზღვრული კონტრაქტით, პედაგოგიური მუშაკი ითვლება მიღებულად სასწავლო დატვირთვის იმ მოცულობაზე, რომელიც დადგენილია სკოლის დირექტორის ბრძანებით მისი სამუშაოზე მიღებისას;

 3.5. საათების განაწილება: მასწავლებლებზე საათების განაწილების საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია მასწავლებლის საგნობრივი და პედაგოგიური კვალიფიკაცია, კერძოდ, როგორია მისი სწავლება/სწავლის შედეგები. თუ კლასში მოსწავლეების უმრავლესობა ვერ ძლევს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტს, სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვა შეიძლება შემცირდეს ადმინისტრაციის ინიციატივით. პედაგოგის სასწავლო დატვირთვა ასევე შესაძლოა შემცირდეს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით საათების ან კლასების შემცირების შემთხვევაში;

 3.6. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე. თუ მუშაკი არ არის თანახმა, გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება;

 

3.7. გამოთავისუფლებული დღე:  პედაგოგიური მუშაკებისათვის, იქ სადაც შესაძლებელია, შესაძლოა დაწესდეს კვირაში ერთი თავისუფალი დღე (საგაკვეთილო საათების გარეშე) მეთოდური სამუშაოებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

 3.8. მორიგეობა:  სკოლის დირექტორი სკოლის მუშაკებს ავალებს სკოლაში მორიგეობას წინასწარ შედგენილი მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად;

 3.9. სამსახურში გამოცხადების წესი:  მასწავლებელი სამსახურში გამოცხადებისას ავსებს ტაბელს _ ხელის მოწერით ადასტურებს სკოლაში გამოცხადებასა და სკოლიდან გასვლას შესაბამისი ზუსტი დროის მითითებით. ტაბელის წარმოებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა ევალება სკოლის დირექტორის მოადგილეს ან/და დირექტორის მიერ უფლებამოსილ პირს.    

 3.10. პედაგოგიურ მუშაკებს ეკრძალებათ, თავიანთი შეხედულებისამებრ შეცვალონ სამუშაო გრაფიკი და საგაკვეთილო ცხრილი;

  

  სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები

 

3.11.  თუ მუშაკი ვერ ახერხებს სამსახურში გამოცხადებას რაიმე საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესება, ქორწინება, მძიმე ოჯახური გარემოებები და სხვა), იგი ვალდებულია, წინასწარ განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში ტელეფონით ან სხვა საშუალებით აცნობოს ადმინისტრაციის რომელიმე წევრს, არაუგვიანეს ერთი საათისა სამუშაოს დაწყებამდე; სამუშაო დღის განმავლობაში შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი;

3.12. სამსახურში გამოცხადების შემდეგ თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილი სამუშაო დრო ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით ( გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან მისი შეცვლის თაობაზე).

 

    

     სასწავლო პროცესი:

 

1.  სკოლაში I-დან XII კლასის ჩათვლით დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა;

2.  სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში;

3.  საგაკვეთილო დღე იწყება 09:00-ზე;

4. გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთიანია, ხოლო შესვენება 5-30 წუთიანი და რეგულირდება სასკოლო-სასწავლო გეგმით;

5.  სასკოლო დროის ხანგრძლივობა სკოლაში დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18 სთ-მდე;

6.  კვების ობიექტი მუშაობს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

7.  სკოლის საქმეთა მმართველი მუშაობს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

8.  სამედიცინო სამსახური მუშაობს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

9.  ბიბლიოთეკა მუშაობს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

 

 მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები

 მასწავლებელს უფლება აქვს:

 

4.1.  სამუშაო პირობების შექმნა: მოსთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ასევე მოსთხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეებს მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

 4.2. რესურსებით სარგებლობის უფლება: ისარგებლოს სასწავლებლის უძრავ_მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობების აღსასრულებლად.

 4.3. ინფორმაციის მიღების უფლება: მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, ადმინისტრაციისაგან სასწავლებლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე, სასწავლებლის    ავტორიზაცია/ აკრედიტაცია/ ბრენდირება და თანამშრომელთა ატესტაციის პირობებისა და ვადების შესახებ; როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ;

 4.4. გამოხატვის თავისუფლება: სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს საჯარო ინფორმაცია, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს იდეა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეთიკურ ნორმებსა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს.

 

4.5. გაერთიანების უფლება: გაერთიანდეს ან თავად შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მოქალაქეთა პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური  და სხვა ინტერესების დაცვა; დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მათ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 4.6. მშობლის დაბარების უფლება: კლასის ხელმძღვანელთან ან დირექციასთან შეთანხმებით სკოლაში დაიბაროს მოსწავლის მშობელი;

 4.7. მართვაში მონაწილეობის უფლება: პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. წინასწარ განსაზღვრული ფორმით, მონაწილეობა მიიღოს სკოლაში გარკვეული მიზნით შექმნილი ჯგუფის/ჯგუფების მართვაში;

 4.8.  განხილვებში მონაწილეობის უფლება: მოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა პედსაბჭოზე ან დირექციასთან. სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მოითხოვოს და მიიღოს მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა;

 4.9.  გასაჩივრების უფლება: თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის უკანონო ქმედებები სკოლის შინაგანაწესით  დადგენილი წესით.

 4.10.  სწავლა-სწავლების აკადემიური თავისუფლება: მასწავლებელს აქვს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

 4.11.  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. დაუშვებელია მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

4.12.  მოსწავლის გაძევების უფლება: მასწავლებელს უფლება აქვს გაკვეთილიდან გააძევოს მოსწავლე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა მოსწავლე არ ემორჩილება მასწავლებლის კანონიერ მოთხოვნებსა და მითითებებს, შეურაცხყოფას აყენებს თანაკლასელს ან მასწავლებელს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს კლასზე ან მასწავლებელზე და თავისი ქმედებით ფაქტობრივად შლის საგაკვეთილო პროცესს). მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლის გაძევება გაკვეთილიდან  ზედამხედველის გარეშე.

 

მასწავლებელი ვალდებულია:

 4.13.  შინაგანაწესის შესრულება: შეასრულოს სასწავლებლის წესდებით,  შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით (სამსახურებრივი ინსტრუქციებით) განსაზღვრული მოთხოვნები.

 4.14.  მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულება: კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობები, იზრუნოს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის ხარისხის ამაღლებაზე, რაციონალურად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო;

 4.15. ეთიკის დაცვა: მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას     დაიცვას ეთიკის ნორმები. იხელმძღვანელოს მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსით.

 4.16. კვალიფიკაციის ამაღლება: სისტემატურად აიმაღლოს თავისი სამეცნიერო-მეთოდური დონე და კვალიფიკაცია;

 

4.16. მასწავლებლის პორტფოლიო: მასწავლებლის პროფესიული განვითარება, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული წარმატებები აღირიცხება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მეშვეობით.

 417. შემოქმედებითობა: მუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.

 4.18.  დოკუმენტაციის შევსება: სისტემატურად, დროულად და აკურატულად შეავსოს დადგენილი სასკოლო თუ საკლასო დოკუმენტაცია;

 

4.19.  პედსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა: მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური საბჭოს სხდომების მუშაობაში; პედსაბჭოს სხდომის შესახებ წინასწარ ეცნობება პედაგოგს, რასაც ის დაადასტურებს ხელმოწერით სპეციალურ რვეულში;

4.20.  თანამშრომლობა კათედრასთან: ითანამშრომლოს საგნობრივ კათედრასთან და შეასრულოს კათედრის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობები; საგაკვეთილო დროის გარდა სისტემატური შეხვედრები ჰქონდეს თავის კოლეგებთან, სადაც მოხდება მიმდინარე პრობლემებსა და საჭიროებებზე მსჯელობა, სიახლეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება.

 

4.21.  მოსწავლის კონსულტაცია: ჩაუტაროს კონსულტაცია მოსწავლეს (მისი თხოვნის შემთხვევაში), რომელმაც საპატიო მიზეზით გააცდინა გაკვეთილები, განუსაზღვროს მას ვადები გამოტოვებული მასალის ჩასაბარებლად;

 

4.22.  დამრიგებლობა: შეასრულოს კლასის დამრიგებლის თანამდებობრივი მოვალეობები მასწავლებლის ყველა უფლება-მოვალეობის შენარჩუნებით. დამრიგებლის საქმიანობები და მოვალეობები განსაზღვრულია ესგ-ითა და სასკოლო სასწავლო გეგმით;

 

4.23.  შეფასების სისტემის გაცნობა მოსწავლეებისათვის: გააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებს თითოეულ კლასში (შეფასების კრიტერიუმების საკლასო ოთახში გამოკვრითა და მშობელთა კრებებზე დასწრებით), თუ როგორი სისტემითა და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება; (შეფასების ფურცლების ეგზემპლარების ქსეროკოპირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.)

 

4.24.  კომენტარებისა და ჩანაწერების წარმოება: მოსწავლეები სემესტრის ან/და სასწავლო წლის ბოლოს შეაფასოს კომენტარებით, რომელიც მშობლებისათვის გასაცნობად და გასაანალიზებლად საბოლოოდ გადაეცემა კლასის დამრიგებელს.

 

4.25.  სამსახურში დროული გამოცხადება: სამსახურში გამოცხადდეს ცხრილით განსაზღვრული გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 10 წუთით ადრე;

სამსახურში გამოცხადდეს სამუშაო დროის დაწყებისთანავე და/ან შვებულების ვადის გასვლისთანავე. 

 

4.26.  მორიგეობა: სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გრაფიკის შესაბამისად,

სკოლის მუშაკები მორიგეობენ სხვადასხვა სართულის დერეფნებში და პასუხისმგებელნი არიან სასწავლო პროცესის ნორმალურ მსვლელობაზე. მორიგეობის წესებს და განრიგს ადგენს ადმინისტრაცია.

 კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი ვალდებულია ყოველ დასვენებაზე, საგაკვეთილო ცხრილის გათვალისწინებით,  როგორც წესი, იმორიგეოს შესაბამისად სადამრიგებლო ან კონკრეტული საგაკვეთილო ცხრილით გათვალისწინებულ კლასთან და უზრუნველყოს წესრიგი შესაბამის საკლასო ოთახსა და მიმდებარე დერეფანში. 

    

4.27.  პუნქტუალობა: არ დააგვიანოს კლასში შესვლა და გაკვეთილის დაწყება. რაციონალურად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო.

4.28.  აღრიცხვის წარმოება: სპეციალურ ჟურნალში ყოველდღიურად აღრიცხოს თითოეულ კლასში მოსწავლეთა დასწრება, ასევე გაკვეთილზე მოსწავლეთა დაგვიანებისა და მოსწავლის გაკვეთილიდან გასვლის შემთხვევები;

 

4.29.  საგაკვეთილო დისციპლინა: უზრუნველყოს წესრიგი და სასწავლო დისციპლინა გაკვეთილის მსვლელობისას.

 

 სკოლის ადმინისტრაციის უფლებები და ვალდებულებები

 ადმინისტრაციას  უფლება აქვს:

 

5.1.    უფლებების შეზღუდვა: სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები;

 

5.2.    დამატებითი მომსახურება: მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.

 5.3.    გაკვეთილზე დასწრება: ადმინისტრაციას, უფლება აქვს  დაესწროს გაკვეთილზე პედაგოგს მასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ან შეუთანხმებლად.

 

5.4. ექსპერტ-კონსულტანტის მოწვევა: მოიწვიოს სხვადასხვა საგნის ექსპერტ კონსულტანტები.

 

5.5. მოსწავლეთა გადაჯგუფება: საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებთან კონსულტაციის შემდეგ, გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები გადაიყვანოს ერთი კლასიდან მეორე (პარალელურ) კლასში, რათა არ წარმოიქმნას ისეთი ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუშლიან სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას.

 

5.6. მოსწავლის სკოლიდან დროებითი დათხოვნა: ხუთ დღემდე ვადით დაითხოვოს მოსწავლე სკოლიდან.

 

5.7. კვლევის ჩატარება: არსებული პრობლემების შესწავლისა და პრევენციის, ასევე მასწავლებელთა ან მოსწავლეთა რეიტინგის დადგენის მიზნით სკოლაში ჩაატაროს კვლევა, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა სოციოლოგიური გამოკითხვები.

 

5.8. მოსწავლის დროებითი გათავისუფლება: მშობლის განცხადების საფუძველზე (გარკვეული ოჯახური თუ სხვა გარემოებების გამო) შეუძლია, გარკეული ვადით გაათავისუფლოს მოსწავლე სასწავლო პროცესისგან.

 

 

ადმინისტრაცია ვალდებულია:

 

5.9.    ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესის საფუძველზე შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მასზე დაკისრებული მოვალეობები;

 

5.10.    პედაგოგიურ საბჭოსთან შეთახმებით შექმნას ობიექტური და დემოკრატიული სისტემა:

  • სკოლის თვითშეფასების;
  • მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისა და წახალისების;
  • გაკვეთილის შეფასების;
  • პედაგოგთა შეფასებისა და წახალისების;
  • მოსწავლესა და მასწავლებელზე დაკვირვების;
  • მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების.

 

5.11.    აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ზომები დისციპლინის  დამრღვევთა მიმართ;

 

5.12.    შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთავის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა და დანერგვა;

 

5.13.    იზრუნოს სკოლის თანამშრომელებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო და საქმიანი გარემოს ჩამოყალიბებაზე;

 

5.15. მხარი დაუჭიროს პედაგოგთა რაციონალურ ინიციატივასა და აქტივობას,  უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა;

 

5.16. შექმნას სწავლა_სწავლების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;

5.17. დაიცვას სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და იხელმძღვანელოს მასწავლებლისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსებით.

 

 

 

მუშაკის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

 

6.1. მუშაკის წახალისება:

 

სამუშაო მოვალეობების სანიმუშო შესრულებისათვის, კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, ნოვატორობისათვის, აღსაზრდელების (მოსწავლეების)  სწავლებასა   და აღზრდაში მიღწეული წარმატებებისთვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:

  • მადლობის გამოცხადება;
  • პრემიის გაცემა;
  • ყოველთვიური დანამატი ხელფასზე განსაზღვრული ვადით არა უმეტეს ნახევარი წლისა;
  • ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

 

  წახალისება ხდება ზეპირი ან წერილობითი ბრძანების ფორმით და ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს. წერილობითი ბრძანება შევა მუშაკის პირად საქმეში.

 

6.2. მასწავლებელთა პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის: მუშაკის მიერ შინაგანაწესით, სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი მოვალეობის  შეუსრულებლობა, მათ შორის: დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის არწარმოება ან უხარისხოდ/არადროულად წარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება ზედამხედველის გარეშე, მოსწავლის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დარღვევა, სამსახურებრივი გულგრილობა და დაუდევრობა ითვლება დისციპლინარულ გადაცდომად და ითვალისწინებს შემდეგ ადმინისტრაციულ სახდელებს: გაფრთხილება. საყვედური, სასტიკი საყვედური და განთავისუფლება. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სასჯელებს ანხორციელებს მხოლოდ სკოლის დირექტორი სპეციალური აქტით ან დირექტორის ბრძანებით.

 

6.2.ა. მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

 

ა)       გაფრთხილება

 

  • სასკოლო/საკლასო დოკუმენტაციის არწარმოებისა ან უხარისხოდ და არადროულად წარმოებისათვის;
  • სამუშაოზე გამოცხადებისას კვირაში ორზე მეტი დაგვიანების (სამსახურში გამოცხადებისას) ან გაკვეთილის გაცდენისათვის;
  • დღეში ორზე მეტი დაგვიანებისათვის გაკვეთილზე შესვლისას ზარის დარეკვის შემდეგ;
  • პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევისათვის.  
  • პედსაბჭოს ერთი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • დირექციის მიერ მიცემულ დავალების არაკეთილსინდისიერი, უხარისხოდ ან დაგვიანებით შესრულებისათვის ;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;

 

 

ბ)      საყვედური

  • სასკოლო/საკლასო დოკუმენტაციის არწარმოებისა ან უხარისხოდ და არადროულად წარმოებისათვის ;
  • მეორე გაფრთხილების (სიტყვიერი ან წერილობითი) მიღებისას;
  • სამსახურში გამოცხადებისას თვეში სამზე მეტი დაგვიანებისა ან არასაპატიო გაცდენისათვის;
  • გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისათვის;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
  • სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის, გარდა მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა;
  • უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
  • პედსაბჭოს ორი ან ორზე მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
  • მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობისათვის, თუ მისი დასწრება აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდათ კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს ან/და დირექციას;
  • დირექციის მიერ მიცემული დავალების არაკეთილსინდისიერი ან არადროული შესრულების ან საერთოდ შეუსრულებლობისათვის, რაც ჩაითვლება სამსახურებრივ დაუდევრობად (იგულისხმება მეორე ასეთი შემთხვევა);
  • თუ რომელიმე კლასის მოსწავლეთა ან მშობელთა მხრიდან დირექციაში შევიდა არგუმენტირებული საჩივარი  მასწავლებელზე და საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა (ადმინისტრაციის წევრი) დაადასტურეს საჩივრის ობიექტურობა და საფუძვლიანობა;
  • დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის ;

 

გ) სასტიკი საყვედური

  • ერთ სასწავლო წელს ორი საყვედურის ან ერთ ტრიმესტრში/სემესტრში გაფრთხილებისა და საყვედურის მიღების შემდეგ დაკისრებული ნებისმიერი სახდელისათვის;
  • სამსახურში გამოცხადებისას სისტემატური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო გაცდენისათვის, რისთვისაც მას ადრე დაკისრებული ჰქონდა სხვა მსუბუქი დისციპლინური სახდელები;
  • მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის არაერთგზის;
  • სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • რომელიმე კლასის მოსწავლეთა ან მშობელთა მხრიდან საჩივრის განმეორების (და დადასტურების) შემთხვევაში ან კლასის ჩამორთმევა;
  • გაკვეთილის ჩაშლისათვის მასწავლებლის მიზეზით;
  • კორუფციულ ურთიერთობებში მონაწილეობისათვის;
  • დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა არაერთგზის შეუსრულებლობი-   სათვის, რაც მიიჩნევა სამსახურებრივ გულგრილობად და დაუდევრობად;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების არაერთგზის 
  • დარღვევისათვის, რაც ასახული უნდა იყოს სიტყვიერ ან წერილობით გაფორმებულ
  • ადმინისტრაციულ სახდელებში.

 

დ) მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება გათავისუფლდეს:

  • ერთი წლის განმავლობაში სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს ადმინისტრაციულ სასჯელს;
  • პედაგოგიური ეთიკის ნორმების არაერთგზის უხეში დარღვევისათვის, თუ ადრე დაკისრებული ჰქონდა სხვა სახდელები;
  • მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
  • სამსახურში გამოცხადებისას ან გაკვეთილებზე შესვლისას სისტემატიური დაგვიანებისა და გაცდენისათვის, თუ ადრე დაკისრებული ჰქონდა სხვა სახდელები;
  • სკოლისათვის  მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
  • უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი გახდა;
  • კორუფციულ ურთიერთობებში არაერთგზის მონაწილეობისათვის;
  • თუ სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვევა, რომ მისი კვალიფიკაცია და მიღწეული შედეგები არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს;
  • მეცადინეობების სისტემატური ჩაშლისათვის;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სისტემატური დარღვევისათვის. 

 

 

 

სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა და  კლასიდან კლასში გადაყვანა

 

7.1.    I კლასში ჩასარიცხად საჭიროა განაცხადის გაკეთება სკოლის ადმინისტრაციაში. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა და სწავლების დაწყების ასაკი დაწყებით საფეხურზე განისაზღვრება განათლების მინისტრის ბრძანებით.

 

     

7.2.     ჩარიცხვა ხდება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

  • მშობლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი პირადი ნომრით და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამედიცინო ბარათი (ფორმა #26);
  • 2 ფოტოსურათი 3X4 (ფერადი); 
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

7.3.  ადმინისტრაცია სკოლაში ჩარიცხვისას მშობელთან დებს ხელშეკრულებას, აგრეთვე მოსწავლესა და მის მშობელს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, რაც დასტურდება მშობლის ხელმოწერით ხელშეკრულებაზე ან სპეციალურ ფორმაში. 

 

7.4. მოსწავლის კლასიდან მომდევნო კლასში გადასაყვანად სკოლა აწესებს განსაზღვრულ მინიმალურ ბარიერს ყველა საგანში, რომლის დაძლევაც აუცილებელი პირობაა მომდევნო კლასში გადასასვლელად. (მინიმალური ბარიერი გულისხმობს მინიმალურ საგნობრივ სტანდარტს შესაბამისი ქულით, რომელსაც შეიმუშავებენ საგნობრივი კათედრები დირექციასთან ერთად).

 

7.5. კლასი დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის თითოეული საგნის ქულა არის 5.0 ან მეტი.

 

 

   პედაგოგიური საბჭო: მოსწავლის გადაყვანა კლასიდან კლასში, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში გადალახული აქვს სკოლის მიერ დადგენილი მინიმალური ბარიერი (აქვს დადებითი შეფასება), ხდება პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ამოწმებს სკოლის დირექტორის ბრძანებით.

 

 

 

 

მშობლის უფლება-მოვალეობები

 

1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება. მასში ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში-გასაჩივრების მექანიზმები;

 

2. ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე თანახმაა, დაარღვიოს ხელშეკრულება, ან ერთი მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

მშობელს უფლება აქვს:

 

8.1. მოითხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

 

8.2. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან სასწავლებლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;

 

8.3. მიიღოს მონაწილეობა სკოლის საქმიანობაში (ინიციატივები, ექსკურსიები, სპორტული ღონისძიებები, საქველმოქმედო ღონისძიებები, პროექტები და ა.შ.);

 

8.4. ტელეფონით ან/და ელ.ფოსტით დაუკავშირდეს კლასის დამრიგებელს შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ასევე შეუთანხმდეს მას შეხვედრაზე.

 

8.5. მშობლებისათვის შვილის შესახებ ინფორმაციის კოორდინირებული მიღების მიზნით სკოლაში დაწესებულია მშობლის დღე, ყოველი კვირის პარასკევი დღე. მშობელს შეუძლია სკოლაში შემოსვლა სასწავლო პროცესის დროს აუცილებლობის შემთხვევაში (მაგ. ადმინისტრაციასთან განცხადების შემოტანის მიზნით).

 

 

მშობელი ვალდებულია:

 

8.7. შეასრულოს სასწავლებლის შინაგანაწესითა და ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;

8.8. უზრუნველყოს შვილისთვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა;

8.9. მოსწავლე სკოლაში გამოუშვას სასკოლო ფორმით, სუფთად ჩაცმული, ყველა სასწავლო ნივთით აღჭურვილი, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ მან სკოლაში არ  წამოიღოს არასაჭირო ნივთები.

8.10. პირადად წარმოადგინოს განცხადება მოსწავლის სკოლიდან გათავისუფლების  თხოვნით ან სკოლაში მოსწავლის დაბრუნებიდან 2 დღის განმავლობაში წარმოადგინოს განცხადება, რომელიც განმარტავს მოსწავლის გაცდენის მიზეზს. უკიდურესი აუცილებლობის დროს, თუ მშობელს ესაჭიროება შვილის განთავისუფლება დღის განმავლობაში რომელიმე გაკვეთილიდან/გაკვეთილებიდან, ტელეფონით დაუკავშირდეს კლასის დამრიგებელს და სთხოვოს მას მოსწავლის განთავისუფლება. ყველა სხვა შემთხვევაში გაცდენა ჩაითვლება არასაპატიოდ.

8.11. საგნის მასწავლებლის, დამრიგებლის ან ადმინისტრაციის პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;

8.12. აანაზღაუროს სკოლისათვის მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;

8.13. სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები.

8.14. დაესწროს მშობელთა კრებას, რომელიც გაიმართება სემესტრში მინიმუმ ორჯერ;

8.15. იცნობდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს და ზრუნავდეს მოსწავლის მიერ მის დაცვა-შესრულებაზე.

 

 სკოლის მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი

 

   მოსწავლეს უფლება აქვს:

 

9.1. განათლების მიღება: მიიღოს განათლება სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი ფორმით.

9.2. ღირსეული მოპყრობა: მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება; დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;

9.3. საკუთარი უფლებების ცოდნა: ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ;

9.4. შეფასების კრიტერიუმების ცოდნა: გაეცნოს კონკრეტულ კლასში მოქმედ შეფასების სისტემას და მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;

9.5. ინფორმაციის მიღება: მიიღოს სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მისი შეფასების, ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსის პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით;

9.6. რესურსებით სარგებლობა: სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს საგანამანათლებლო დაწესებულების უძრავ_მოძრავი ქონებით განათლების მიღების მიზნით; ისარგებლოს სასწავლებლის სამედიცინო სამსახურისა და სასადილოს მომსახურეობით, სარეაბილიტაციო და სპორტულ_გამაჯანსაღებელი საშუალებებით.

9.7. განხილვაში მონაწილეობა: მოითხოვოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, პედსაბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას.

9.8. აზრის თავისუფლება: გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა, დაცული იქნას ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისაგან;

9.9. დახმარების თხოვნა: მიმართოს ფსიქოლოგს და დირექტორს კონფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად (მასწავლებელთან, მოსწავლესთან);

9.10. კონსულტაციის მოთხოვნა: საპატიო გაცდენის შემთხვევაში მოითხოვოს

მასწავლებლის კონსულტაცია.

9.11. ნიშნის გამოსწორება: მოსწავლეს შეუძლია, გამოასწოროს არასასურველი ქულობრივი შეფასება, თუ ამის სურვილი გაუჩნდება (სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი პროცედურების დაცვით).

9.12. ადგილის შერჩევა: თავად აირჩიოს კლასში სასურველი ადგილი (მერხი) გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსწავლე ხშირად საუბრობს მეწყვილესთან, რითაც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს. ამ შემთხვევაში მასწავლებელს უფლება აქვს, ბავშვი გადასვას სხვა ადგილზე თავისი შეხედულებისამებრ;

9.13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: მოსწავლის პირადი ცხოვრება

ხელშეუხებელია. არ შეიძლება, მოსწავლეს მოეთხოვოს, გაამჟღავნოს ინფორმაცია მის პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე, პრობლემებზე მისი ნების საწინააღმდეგოდ.

9.14. სკოლას არა აქვს უფლება შეაგროვოს მოსწავლეზე ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მის რელიგიურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებასთან.

9.15. რწმენის თავისუფლება: მოსწავლეებს აქვთ რწმენისა და სინდისის თავისუფლება, ასევე უფლება აქვთ, სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი;

9.16. დუმილის უფლება: მოსწავლეს უფლება აქვს, დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, ასევე დისციპლინური დევნისას წარდგეს მშობელთან ერთად.

 

 

 

მოსწავლე ვალდებულია:

 

9.18. პატივისცემით მოპყრობა: პატივისცემით მოექცეს თანაკლასელებს და მასწავლებლებს;

9.19. ქონების გაფრთხილება: გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და პირად თუ სხვის სასწავლო ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

9.20. ზიანის ანაზღაურება: გამოასწოროს სკოლისათვის მიყენებული ზიანი და აანაზღაუროს მატერიალური ზარალი;

9.21. თანამშრომლებისადმი დამორჩილება:  შეასრულოს მასწავლებლებისა (მათ შორის დერეფნის მორიგის) და ადმინისტრაციის წევრების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები შეთავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, შინაგანაწესსა და მშობელსა (ან კანონიერ წარმომადგენელს) და ადმინისტრაციას შორის დადებულ ხელშეკრულებასთან.

9.22. გაკვეთილებზე დასწრება: დაესწროს ყველა გაკვეთილს, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად.

9.23. ახსნა-განმარტების დაწერა: წარუდგინოს კლასის დამრიგებელს ოფიციალური ახსნა-განმარტება გაცდენაზე, ერთი გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაშიც;

9.24. გაკვეთილების მომზადება: მოსწავლე ვალდებულია, მოამზადოს გაკვეთილი თითოეულ საგანში წინა გაკვეთილის გაცდენის შეთხვევაში.

9.25. სასკოლო ფორმა: სკოლას უფლება აქვს, დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება.

9.27. ფორმის შემოღებამდე მოსწავლე ვალდებულია ატაროს კლასიკური სტილის  ჩასაცმელი. დასაშვებია ამ სტილთან მიახლოებული, შავი ფერის ჯინსი,  თეთრი ფერის პერანგი. რამდენჯერმე უფორმოდ გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია სასწავლო პროცესის დაწყებისას დაუკავშირდეს მშობელს და მოსთხოვოს მას სკოლაში გამოცხადება მოსწავლისათვის ფორმის გამოცვლის მიზნით.  

9.28. პუნქტუალობა: იმყოფებოდეს  საკლასო ოთახში ზარის დარეკვისას და კლასში დაელოდოს მასწავლებლის მოსვლას;

9.29. წესრიგის დაცვა: პატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, გაითვალისწინოს მათი კანონიერი შენიშვნები, დაიცვას წესრიგი/სისუფთავე;

9.30. სასწავლო ნივთების ტარება: იქონიოს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისი სასწავლო ნივთები (იმის გათვალისწინებით, რომ კლასში თითოეულ მერხზე იყოს ერთი წიგნი);

9.31. ნებართვის აღება: საკლასო ოთახიდან გასვლის შეთხვევაში ითხოვოს

მასწავლებლის ნებართვა.

9.32. მოსწავლის ქცევის კოდექსი: მოსწავლემ სასწავლო პროცესის დროს უნდა იხელმძღვანელოს მოსწავლის ქცევის კოდექსით. 

 

 

 

 

 

სკოლაში აკრძალული წესები და მოსწავლეთა პირადი გასინჯვა.

 

   მოსწავლეს ეკრძალება:

 

10.1.    სკოლაში მოსვლა მოუწესრიგებელი და არააკურატული ვარცხნილობით ან გამომწვევი, აშკარად გამოსასვლელი დღის ტანსაცმლით (არასასკოლო ფორმით), მაკიაჟით;

10.2.    გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (ე. წ. ‘შატალო’);

10.3.    გაკვეთილის გაცდენა დოკუმენტურად გაფორმებული საპატიო მიზეზის გარეშე. ასევე გაკვეთილზე დაგვიანება არასაპატიო მიზეზით;

10.4.    სხვისი საკლასო ოთახის კარის შეღება და რომელიმე მოსწავლის გამოძახება გაკვეთილიდან გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, (იგულისხმება შემთხვევა, როცა მოსწავლე რაიმე საჭიროებისათვის იმყოფება დერეფანში საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს).

10.5.    სკოლის აღჭურვილობის (ხელსაწყოები, დაზგები, მუსიკალური ინსტრუმენტი, კომპიუტერი და ა.შ.) გამოყენება უფლებამოსილი პირის  ნებართვის გარეშე;

10.6.    შესვენებაზე ყვირილი, სირბილი, ჩხუბი და ძალადობის ელემენტების შემცველი თამაშები;

10.7.    ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთების (ცივი იარაღი-ნებისმიერი სახის და ზომის დანა ან საჩხვლეტი, ცეცხლსასროლი და გაზის იარაღი, ასაფეთქებელი)  ფლობა, ხმარება, შენახვა, სხვისთვის გადაცემა.

10.8.    შესვენების ან/და თავისუფალი გაკვეთილიდან სკოლის შენობიდან გასვლა დირექტორის ან მოადგილის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის განთავისუფლებულია რომელიმე გაკვეთილიდან 8.10. წესით.

10.9.    სკოლის ქონების გაფუჭება/დაზიანება, საკლასო ოთახებისა და კორიდორების დანაგვიანება, კიბეებსა და ფანჯრებზე ნაგვის დატოვება, წარწერების გაკეთება, ამოკაწვრა, კედლებზე ფეხსაცმლის მიდება;

10.10.  სკოლაში საღეჭი რეზინის ღეჭვა;

10.11.  სკოლაში მოსვლა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების პერიოდში;

10.12.  სიგარეტის მოწევა, უცენზურო გამონათქვამები, აზარტული თამაშები, კარტის შემოტანა შენობაში, ნარკოტიკული საშუალებების, სპირტიანი და ნაკლებალკოჰოლური სასმელების მიღება;

10.13.  გაკვეთილზე მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო საშუალებებით სარგებლობა.

10.14.  მონაწილეობა საქმეების გარჩევებსა და მასიურ ჩხუბში სასკოლო დროსა და სკოლის ტერიტორიაზე, ასევე დაკავშირება გარეშე პირებთან.

 

მოსწავლეთა პირადი გასინჯვა

 

10.15.  დირექტორს ან დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს (მოადგილეს)  ან სკოლის მანდატურს/დაცვის თანამშრომელს უფლება აქვს სკოლის ტერიტორიაზესასწავლო პროცესის დროს ჩაატაროს მოსწავლის პირადი გასინჯვა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთს.

დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური გასინჯვა. 

 

  • პირადი გასინჯვის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში უფლებამოსილი პირის მიერ.
  • დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.
  • მოსწავლის პირადი გასინჯვა განხორციელდეს დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

 

10.16. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას) პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

 

10.17. სკოლის შინაგანაწესით აკრძალული ნივთებია: 

ü  მობილური ტელეფონი (გაკვეთილის მსვლელობისას) ;

ü  ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს (მაგ. “ფლეერი”);

ü  ალკოჰოლური, ნარკოტიკული ნივთიერებები, თამბაქოს ნაწარმი;

ü  მომწავლელი აირები, იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად;

ü  სანთებელა ან ასანთი, ასაფეთქებელი/მომწამვლელი ნივთიერება და მოწყობილობა;

ü  აზარტული თამაშის საშუალებები (მაგ. კარტი);

ü  უხამსობის ამსახველი ნივთები;

ü  ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ü  ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

  (იარაღი  არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხეულის დაზიანება ან სხვა პირის დაშინება, ასევე ნებისმიერი საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ მიზნით).

 

10.18.  დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შენახვა, ფლობა ან  გადაცემა. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს ჩამოერთმევა მოცემული ნივთი და  გადაეცემა მშობელს.

 

10.19.  იარაღის შენახვის, ფლობის ან გადაცემისას მოხდება მისი ჩამორთმევა და გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასევე მოსწავლე ჩამოშორდება სასწავლო პროცესს განსაზღვრული პერიოდით.

 

10.20. აკრძალულია მოსწავლის მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ფლობა, გამოყენება ან გავრცელება. თამბაქოს ნაწარმად ჩაითვლება სიგარეტი, სიგარა,  ჩიბუხი, საღეჭი ან სასუნთქი თამბაქო. ეს აკრძალვა ვრცელდება სკოლის ტერიტორიაზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

 

 

 

დისციპლინური დევნა და პასუხისმგებლობის ზომები

 

11.1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით

გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით. შინაგანაწესით დადგენილი პროცედურების დარღვევაც ითვლება დისციპლინურ გადაცდომად.

11.2.  მოსწავლის ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.   

11.3.  სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იყოს ისეთი საშუალებებით, რომლებიც ეყრდნობა ბავშვის ღირსების პატივისცემას;

11.4.  დაუშვებელია მოსწავლის ფიზიკური დასჯა და ფიზიკური ძალის გამოყენება დისციპლინარული სასჯელის სახით; 

11.5.  დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფისას სკოლა ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება კანონით დადგენილი წესით.

11.6.  დაუშვებელია მოსწავლეთა ჯგუფის დასჯა ერთი ან რამდენიმე მოსწავლის ქმედების გამო;

11.7.  დაუშვებელია მოსწავლის დასჯა იმ ქმედებისათვის, რაც მან ჩაიდინა სკოლის ტერიტორიის გარეთ არასასკოლო საათებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკრძალული ქმედება პირდაპირ დაკავშირებულია სკოლასთან (მაგ. ჩხუბი სკოლის მოსწავლეებთან სკოლის გარეთ);

11.8. დისციპლინური სახდელით გამოწვეული გაკვეთილების გაცდენა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ;

11.9. საპატიო მიზეზის გარეშე ზემოთ აღნიშნული მოვალეობები შეუსრულებლობისათვის (დისციპლინური დარღვევებისათვის) მოსწავლეს შეიძლება დაედოს დისციპლინური სახდელი და სასჯელის განსაკუთრებული ზომა-სკოლიდან გარიცხვა; 

11.10. სკოლაში, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად, არსებობს მანდატურის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს დისციპლინისა და საზოგაოდებრივი წესრიგის დაცვას სკოლის ტერიტორიაზე და საკოლო დროს. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მანდატურის კანონიერ მოთხოვნებს და გაითვალისწინოს მისი მითითებები.

 

      

 

დისციპლინურ დარღვევებად ჩაითვლება შემდეგი ხასიათის დარღვევები:

 

სკოლის/გაკვეთილის არასაპატიო გაცდენა, დაგვიანება სკოლაში გამოცხადებისას ან გაკვეთილის დაწყებისას, გაკვეთილის ჩაშლა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, არასასკოლო ფორმით სკოლაში გამოცხადება, მასწავლებლის, მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ან მისი კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, ძალადობა ან ასეთი მუქარა, ქურდობა, ფულის წართმევა ან შეგროვება, აკრძალული ნივთების ფლობა ან შემოტანა სკოლაში.

 

12.1.  მოსწავლის დისციპლინური სახდელებია:

•        სიტყვიერი გაფრთხილება/შენიშვნა;

•           წერილობითი გაფრთხილება/შენიშვნა; 

•           საყვედური;

•           სასტიკი საყვედური.

•           საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;

•           სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

•           სკოლიდან და საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლის დროებით დათხოვნა.

•           გაკვეთილიდან გაძევება;

•           სკოლიდან გარიცხვა (სკოლიდან გარიცხვის უფლება გააჩნია სკოლის დირექციას, არსებული კანონმდებლობის, საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების და წინამდებარე შინაგანაწეისის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზების, გასაჩივრების უფლებების, მექანიზმების და გასაჩივრების ვადების შესახებ).

 

•           გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის/გაძევების უფლება აქვს საგნის მასწავლებელს, მაგრამ იგი მოვალეა, მოსწავლეს მიუჩინოს ზედამხედველი კლასის ხელმძღვანელის (თუ ის თავისუფალია ამ დროისათვის), სართულის მორიგის ან ფსიქოლოგის სახით და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სკოლის დირექტორს; მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დამრიგებელი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს. დაუშვებელია სასწავლო წლის განმავლობაში ერთი და იგივე მოსწავლის სამჯერ მეტად გაძევება ერთი და იგივე გაკვეთილიდან. სამჯერ მეტად დაშვებული გადაცდომის შემთხვევაში მასწავლებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს, უხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.  

•           სკოლიდან ერთიდან ხუთ დღემდე ვადით დათხოვნის უფლება აქვს სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს, მას შემდეგ, რაც მშობელს აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებსა და ხანგრძლივობას. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლე ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა; 

   

 12.2. პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებები:

•        კლასის დამრიგებლის დაკავშირება მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრება და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმება, რაც დასტურდება მშობლის ხელისმოწერით ;

•           მოსწავლის შეხვედრა დირექტორთან და ჩანაწერის (აქტის) გაფორმება  დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სახდელის ზომის შესახებ;

•           გამოსაცდელი ვადის დაწესება და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა;

•           სკოლის სერვისით (კომპიუტერული ქსელი, ექსკურსიები და სხვ.) სარგებლობის

უფლების ჩამორთმევა (გარკვეული ვადით);

•           მიყენებული ზარალის თანხობრივი ანაზღაურება მშობლის მიერ ან დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის ახლით შეცვლა;

•           სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს (სკოლის ეზოსა და შენობის გასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვ.) შესრულება გაკვეთილების დაწყებამდე ან შემდეგ;

•           სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების ჩამორთმევა და მშობლისათვის ან სამართალდამცავი ორგანოსათვის გადაცემა;

•        დისციპლინარული კომიტეტი:მოსწავლის საკითხის განხილვა დისციპლინარულ კომიტეტზე, რომელსაც ატარებს სკოლის დირექცია კლასის დამრიგებლის, დისციპლინური დარღვევის მქონე მოსწავლისა და მისი მშობლის თანდასწრებით. დისციპლინარული კომიტეტზე განიხილება იმ მოსწავლეების საკითხი, რომლებსაც სემესტრის განმავლობაში აქვთ ხშირი გაცდენები, უფორმობა და დაგვიანებები  სასწავლო პროცესის დაწყებისას.  

 

12.3.

 მოსწავლეს სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება წერილობით შეიძლება მიეცეს:

1. გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის;

2. უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;

3. მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

4. სკოლაში გამოცხადებისას ორი ან ორზე მეტი დაგვიანებისათვის,

ან გაკვეთილის უმიზეზოდ ან არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

5. გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისათვის;

6. სასკოლო ქონების გაუფრთხილებლობისათვის.

7. სკოლაში აკრძალული ნივთების ტარებისათვის.

8. სკოლაში არასასკოლო ფორმით გამოცხადებისათვის.

9. უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის.

 

 

 

 

 

12.4.

 

მოსწავლეს საყვედური ან სასტიკი საყვედური წერილობით შეიძლება გამოეცხადოს:

1. გაფრთხილების განმეორებით მიღებისას;

2. გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის უხეში დარღვევისათვის;

3. უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

4. მოსწავლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

5. მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

6.სკოლაში გამოცხადებისას ან გაკვეთილის დაწყებისას ხუთი ან მეტი     დაგვიანებისათვის, ან ხუთზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;

7. სასწავლო წლის მანძილზე 40_ზე მეტი საათის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;

8. გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისათვის (ე. წ. შატალოსთვის);

8. სისტემატურად არასასკოლო ფორმით სკოლაში გამოცხადებისათვის;

9. სასკოლო ინვენტარის დაზიანებისათვის.

• მოსწავლეს გაფრთხილება, საყვედური და სასტიკი საყვედური შეიძლება გამოუცხადოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, სკოლის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, დისციპლინურმა კომიტეტმა.

• გაფრთხილების, საყვედურის ან სასტიკი საყვედურის დაფიქსირება ხდება დირექციის მიერ შემუშავებულ დისციპლინური სახდელის სპეციალურ ფორმაში და სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც აწარმოებს საქმეთა მმართველი და დირექტორის მოადგილე;  დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი და გვარი, დარღვევის სახე, დარღვევის დრო და ვითარება, ხელმოწერილი უნდა იყოს თავად მოსწავლის, დარღვევის დამფიქსირებლის  და დისციპლინური კომიტეტის წარმომადგენლის მიერ. ეს მონაცემები გროვდება კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში.

•           სახდელის დაკისრების შესახებ დამრიგებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოსწავლის მშობელს.

•           ექვსი თვის შემდეგ მოსწავლეს პირადი ან მშობლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელის დამდების გადაწყვეტილებით შეიძლება მოეხსნას სასჯელი.

•        დაუშვებელია, დისციპლინარული სახდელის მოხსნის შემდეგ, ამ სასჯელის არსებობის ფაქტის გათვალისწინება მომავალში.

 

12.5.

1. დისციპლინური გადაცდომის განხილავს სკოლის დირექცია ან ამ მიზნით სკოლაში დირექციის მიერ შექმნილი დისციპლინური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი და მშობელი.

2. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა

    კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

3. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს  უფლება აქვს, წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ან დისციპლინურ კომიტეტს(ასეთის არსებობის  შემთხვევაში) 2 კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.

4. დირექტორი ან დისციპლინური კომიტეტი საჩივარს განიხილავს საჩივრის

 შეტანიდან 2 კვირის ვადაში.

 5. დირექტორის და დისციპლინური კომიტეტის  გადაწყვეტილება, მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გადაწყვეტილების გაცნობიდან 2 კვირის ვადაში.

6. საჩივარი არ განიხილება, თუ მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები: განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, უფლების დარღვევის არსი, მოთხოვნის არსი.

 

მოსწავლის შეფასება და წახალისება

  

13.1.    სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გავლისას მოსწავლის სასწავლო სამუშაოები/წერითი ნამუშევრები ფასდება პედაგოგის მიერ, სკოლაში არსებული   შეფასების სისტემების მიხედვით.

13.2.    შეფასების კონკრეტულ სისტემას შეიმუშავებს თითოეული კათედრა ცალ_ცალკე და იმავდროულად სხვა კათედრებთან შეთანხმებით, რათა მოსწავლეთა შეფასება სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შესაძლებლობის ფარგლებში მეტნაკლებად დაახლოებული იყოს ერთმანეთთან და მოსწავლეს (მის მშობელს) არ გაუჭირდეს შეფასების გაგება.

13.3.    დაუშვებელია მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

13.4.    გაკვეთილის მრავალჯერადი არასაპატიო გაცდენის გამო, მოსწავლეს შეიძლება დაენიშნოს ადმინისტრაციულ-საკონტროლო სამუშაო ჯარიმის სახით, რომელიც მან უნდა შეასრულოს კლასში ან სახლში მასწავლებლის მიერ გამოყოფილ დროს მოსწავლის წინასწარი გაფრთხილების  საფუძველზე.

13.5.    თუ მოსწავლე ატყუებს მასწავლებელს და სხვისგან იწერს ნებისმიერი სახის დავალებას, ანუ სარგებლობს ე.წ. შპარგალკით, ეს უღირსი საქციელია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან და მოცემულ სიტუაციაში მასწავლებლის მიერ არ შეფასდება.

13.6.    მოსწავლეს გაკვეთილების შემდეგ შეუძლია მასწავლებელთან დაკავშირება სკოლაში და სწავლასთან დაკავშირებული საკითხებზე მასთან გასაუბრება.

13.7. საბოლოო (სემესტრული) შეფასების გამოსწორება შესაძლებელია მოსწავლის ან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე;

13.8.    სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სასკოლო ცხოვრებაში მოპოვებული წარმატებებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება:

•           სიგელით;

•           დიპლომით;

•           ფულადი პრემიით;

•           სტიპენდიით _ გარკვეული ვადით;

•           სხვა სახის ჯილდოებით (ექსკურსიით, თეატრში ან მუზეუმში წაყვანით.)

 

 დასკვნითი დებულებები

 

14.1.    სკოლის შინაგანაწესი ძალაში შედის დირექტორის მიერ დამტკიცების დღიდან.

14.2.    სკოლის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დირექციას პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.

14.3.    შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინიციატივის უფლება აქვს პედსაბჭოს წევრთა 1/3, ადმინისტრაციას

14.4.    სკოლის შინაგანაწესს უნდა გაეცნოს ყველა მუშაკი, მოსწავლე და მშობელი.

14.5.    სკოლის შინაგანაწესის საჯაროობას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორი.